logo
ENG



"ინფორმაციას არ ვფლობთ" - განათლების მინისტრი შეკვეთილში "რუსული კლუბის" სემინარზე

29 ივლ 202420:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/29/kc0yzcap4g5vrz3.jpg

განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი ირწმუნება, რომ ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის "რუსული კლუბის" სემინარებზე ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ ის დეპუტატ თეონა აქუბარდიას ოფიციალურ კითხვაზე პასუხად წერილში წერს.

წერილს აქუბარდის Facebook-ზე აქვეყნებს.

"გაცნობებთ, რომ სამინისტრო აღნიშნული აქტივობის განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ამასთან არც ერთ ორგანიზაციას/ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, არც აქტივობის ორგანიზებაში დახმარების და არც სკოლების ინფორმირების მიზნით, სამინისტროსთვის არ მოუმართავს. ამდენად, თქვენს კითხვებთან დაკავშირებით უფლებამოსილი ხართ მიმართოთ შესაბამის უწყებებს"- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი აწერს ხელს.

 

13 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ შეკვეთილში "რუსული კლუბი" ქართველი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის სემინარს ატარებდა.

ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა.

სემინარს, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество (უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო) აფინანსებს. სააგენტოს სემინარის შესახებ ინფორმაცია საიტზე აქვთ განთავსებული.

სააგენტო 2008 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის განკარგულებით შეიქმნა და მისი მიზანი რუსული გავლენების გაძლიერებაა. ეს ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს მითითებული.

შეკვეთილის სემინარი რუსული ენის პოპულარიზაციას ემსახურება. რუსულენოვანი წყაროების თანახმად, ამ სემინარებს წინა წლებში საქართველოში სწორედ Россотрудничество აფინანსებდა. ბათუმელებისთვის წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, შეკვეთილში მიმდინარე სემინარზე ტრენერები რუსეთის ფედერაციიდან არიან მოწვეულები. მაგალითად, ნატალია ნოვიკოვა, რუსეთის "ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის" თანამშრომელია, რომელიც 2022 წლიდან არის უკრაინის სანქციების სიაში.

სემინარი სასტუმრო "მირაჟში" ტარდებოდა. ადგილზე ფორმულას გადამღები ჯგუფი მივიდა და სასტუმროს მენეჯერს გაესაუბრა, რომელიც ტრენინგში პრობლემას ვერ ხედავს. მან დაადასტურა, რომ სემინარს ქართველი პედაგოგები ესწრებიან და ის რუსული ენის სწავლების მეთოდებს ეხება. სასტუმროს მენეჯერი ასევე ადასტურებდა, რომ ფულს მას "რუსული კლუბი" ურიცხავდა. 


close დახურვა